თემა: ბარბარიზმები და დიალექტური სიტყვები და გამოთქმები ჩვენი სოფლების (კოდა-მუხათის) და შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობის მეტყველებაში.
სასწავლო პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ენის ლექსიკის დაცვა და მისი სიწმინდე უმნიშვნელოვანესი მიმართულება უნდა იყოს ქართველთა არსებობისა.
პროექტის მიზნები და შედეგები: მთავარი მიზანი პროექტისა ის არის, რომ გამოვიკვლიოთ, რომელ არასწორ ლექსიკურ ერთეულებს (დიალექტურ სიტყვებსა და ბარბარიზმებს) ხმარობენ ზემოთ აღნიშნული (კოდის და შიდა ქართლის) სოფლების მცხოვრებლები.
მოსწავლეთა ასაკი - VI კლასი.
შესრულების ვადები - I თვე.
შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გააცნობიერებენ არასწორი ლექსიკური ფორმების არსებობას, კრიტიკულნი გახდებიან სხვებისა და საკუთარი მეტყველების მიმართ და ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს მათი ლექსიკური მარაგის დახვეწასა და გათავისუფლებას არასწორი ფორმებისა და გამოთქმებისაგან– ენის სიწმინდის დაცვას, ბავშვებს გამოუმუშავდებათ ფაქიზი დამოკიდებულება სწორი მეტყველებისადმი.
შეფასების საგანი და პროცედურები. მოსწავლეთა ჯგუფები ჩაიწერენ ტექსტებს სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებისაგან, ასევე დაუკვირდებიან მათ ცოცხალ მეტყველებას (,,ჩაუსაფრდებიან“ უფროსებს). შეგროვებულ მასალას შეისწავლიან, გამოიკვლევენ, შექმნიან ზოგად სურათს არასწორი ფორმებისა (წინასწარ, რა თქმა უნდა, ბავშვებს კარგად აქვთ შესწავლილი ლექსიკის საკითხები). ასევე შევაფასებ, რომელი ჯგუფი გაეცნო (ბიბლიოთეკისა თუ ისტ-ის გამოყენებით) ,,დიალექტოლოგიურ მასალებს“,კონკრეტულად კი შიდა და ქვემო ქართლში ჩაწერილ ტექსტებს.რამდენად შეძლეს ადრე ჩაწერილი ტექსტების შედარება მათ მიერ ჩაწერილ ტექსტებთან.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი. ბავშვები ისარგებლებენ შოთა ძიძიგურის ,,ქართული დიალექტოლოგიის მასალებითა“ და ლექსიკასთან დაკავშირებული სხვა წიგნებით. ასევე შეუძლიათ ისტ-ის გამოყენებაც.
მოპოვებულ მასალას დაამუშავებენ, ერთმანეთს შეადარებენ შიდა და ქვემო ქართლის მცხოვრებთა მეტყველებას, ასევე შეადარებენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა მეტყველებას. ბავშვები გამოუშვებენ ალმანახს, მოაწყობენ პრეზენტაციას (,,რა ენა წახდეს“...) მშობლების, სკოლის წარმომადგენლების თანდასწრებით.